"საქართველო და მსოფლიო" ერთ
-ერთი ყველაზე ანტი-დასავლურად განწყობილი მედიასაშუალებაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ცდილობს ნეგატიურად წარმოაჩინოს დასავლეთი და პოზიტიურ ალტერნატივად საკუთარ მკითხველს შესთავაზოს რუსეთი, ან ზოგადად "აღმოსავლეთი". აღნიშნული მედიასაშუალება უკვე წლებია დამაჯერებლად ლიდერობს იმ წყაროებს შორის, რომლებიც ანტი-დასავლური გზავნილებით გამოირჩევიან (იხ.
"ანტიდასავლური პროპაგანდა 2019") და როგორც ჩანს, "საპატიო ადგილის" დათმობას არც სამომავლოდ აპირებს.
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში" Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის თემატიკაზე სხვადასხვა მსოფლიო აქტორებთან დაკავშირებით დაწერილი სტატიები ცხადყოფს, რომ იგი მიზანმიმართულად ცდილობს პანდემიის გაშუქების პროცესში დასავლეთთან (ევროკავშირი, აშშ, დასავლეთთან დაკავშირებული ცალკეული პიროვნებები) დაკავშირებით შექმნას უარყოფითი დღის წესრიგი და საკუთარი მკითხველი ნეგატიურად განაწყოს დასავლეთის მიმართ - რაც ერთგვარი
ნეგატიური დესტრუქციული სტრატეგიაა, ამავდროულად კი კონტრასტის შესაქმნელად ძლევამოსილად, ეფექტურად და ერთსულოვნად წარმოაჩინოს აღმოსავლეთი (რუსეთი, ჩინეთი), რაც
პოზიტიური კონსტრუქციული სტრატეგიის გამოყენების ნიმუშია. ამგვარად აღნიშნული მიდგომების გამოყენებით კონკრეტული მედიასაშუალება, ერთი მხრივ ცდილობს მოსახლეობას გული აუცრუოს აშშ-ზე, ევროკავშირზე და ზოგადად დასავლეთზე, მეორე მხრივ კი დადებითად განაწყოს იმ გარე ძალების - კონკრეტულად კი რუსეთის მიმართ, რომლის სასარგებლოდაც სურს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა, უფრო კონკრეტულად კი - კრემლის ორბიტაზე დაბრუნება.